ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 497
  • ავტორი: სტუმარი
  • თარიღი: 06.03.2015, 9:55 PM
05.08.2024, 1:37 AM

ვაკო ყაზაიშვილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უნდა გადავიდეს!

კატეგორია: სიახლეები

მომიტევეთ სუბიექტურობისთვის, მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, სტატიის სათაური ზედმეტად ქედმაღლურია, რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდება, რომ მასში სიმართლის დიდი მარცვალი დევს…

ყაზაიშვილზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი მასალის დაწერას, ხო და, დღეს ვფიქრობ სწორედ შესაფერისი მომენტია. საქმე ისაა, რომ გუშინ ჰოლანდიის ერედივიზიონის ფლეი-ოფში ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ვაკოს უზადო თამაშის წყალობით არნემის “ვიტესმა” სტუმრად “ზვოლე” 1:2 დაამარცხა. 68-ე წუთამდე აგებდნენ არნემელები, თუმცა ყაზაიშვილმა ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო მაღალპროფესიონალურად.

გოლის გატანის ალღო

22 წლის ქართველისთვის ეს პირველი გოლი არ ყოფილა. ვაკოს ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 10 გოლი დაუგროვდა, არა და, შარშან მას მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გატანილი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი: ყაზაიშვილმა ჰოლანდიის პირველობაზე 34 მატჩი ჩაატარა, 28-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 6-ჯერ ჩაერთო საქმეში სათადარიგოთა სკამიდან. შედარებისთვის გეტყვით, რომ “ვიტესის” კაპიტანმა, ჩვენთვის ასევე საამყარო და დასაფასებელმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ ერედივიზიონში 27 მატჩი ჩაატარა – ანუ ვაკოზე 7 მატჩით ნაკლები. ამ სტატისტიკური მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ყაზაიშვილის პროგრესი აშკარაა.

“ვიტესის” თავდამსხმელთა შორის ვაკოს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი! მთლიან გუნდში კი მასზე მეტი მხოლოდ ნახევარმცველებს: ვეჯინოვიჩს (11) და ტრაორეს (13) აქვთ გატანილი. რაც შეეხება საგოლე პასებს, ჰოლანდიის ჩემპიონატში ყაზაიშვილმა 3-ჯერ გასწია ასისტენტის როლი.

ხასიათი

ვაკო თავმდაბალი ადამიანია. არ გამოირჩევა “ბობოქარი ცხოვრებით” და მის ირგვლივ არსებულ სკანდალებსაც ვერავინ გაიხსენებს. ის არის მაღალი დონის პროფესიონალი. იცის თავისი საქმე და საქმის ფასი. ჰოლანდიის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში ჯერ 1 ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია, რაც მის დისციპლინაზე მეტყველებს. დისციპლინა კი, მოგეხსენებათ, ქართველ ფეხბურთელებში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ვაკო არ არის ის კაცი, შავი BMW იყიდოს და ამით დაკმაყოფილდეს. არა, ის მწვერვალისკენ მიიწევს და მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. ის არ არის “მოდელი”, ყაზაიშვილს დიდი ფეხბურთელობა უნდა!

ლიდერის თვისებები

რა თქმა უნდა, ვაკო “ვიტესის” ლიდერად არ მოიაზრება, თუმცა მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. საქმე ისაა, რომ ყაზაიშვილს საჭირო და მნიშვნელოვანი გოლების გატანა ეხერხება. “ზვოლეს” კარში გატანილ გოლსა და ასისტზე უკვე გელაპარაკეთ. ფაქტობრივად, ვაკომ მოაგებინა გუშინ “ვიტესს” უმნიშვნელოვანესი ჯახი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ყაზაიშვილმა გაუტანა ერედივიზიონის ერთ-ერთ ლიდერს, “ფეიენორდს”. კიდევ უფრო ადრე მან გაიტანა “ალკმაარისა”და “ტვენტეს” კარში. ყველას კარგად ახსოვს, “აიაქსის” კარში გატანილი გოლი, თანაც 2-ჯერ! მოკლედ, ვალერი ყაზაიშვილისთვის ფავორიტები არ არსებობენ! მას შეუძლია ნებისმიერი ძლიერი კლუბის დაცვისა და მეკარის წინააღმდეგ შედეგიანი თამაში!

სატრანსფერო ფასი

ცნობილი სატრანსფერო საიტის, transfermarkt-ის ინფორმაციით, ამჟამად ვალერი ყაზაიშვილის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონი (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ევროა. 2011 წელს “ვიტესმა” ქართველი ტალანტი ბოლნისის “სიონისგან” 175 ათას ევროდ შეიძინა. დაახლოებით 4 წელიწადში ყაზაიშვილის ფასი 8-ჯერ გაიზარდა! ასეთი ტემპებით, შესაძლოა 1-2 წელიწადში ყაზაიშვილის ფასი 10 მილიონზე მეტი იყოს, ამიტომ სწორედ დროა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე გამოიჩინონ ფხა ჰოლანდიის და თუნდაც ევროპის ტოპ კლუბებმა, რათა მინიმალურ ფასად შეიძინონ მაღალი დონის ფორვარდი, რომელიც პროგრესს აგრძელებს.

P.S. ბოლოს, რიგითი ქართველი გულშემატკივრის სახელით მინდა იმედი ვიქონიო, რომ ვაკო ყაზაიშვილს უფრო მეტი დრო მიეცემა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ მეტის ღირსია. თუნდაც, ბოლოს, კახი ცხადაძის სადებიუტო მატჩში მალტის ნაკრების წინააღმდეგ ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა გერმანიასთან ის არ ათამაშეს… ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვაკო “ნაკრების კაცია” თუ ვინმე იმსახურებს დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყოფნას, ერთ-ერთი უპირველესთაგანი სწორედ ისაა!

გაუზიარე ლინკი თქვენს მეგობარს:
ძვირფასო სტუმარი თქვენ ხართ საიტზე როგორც არარეისტრირებულიო.
ჩვენ გირჩევთ თქვენ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ საითზე თქვენი სახელით.
>

კომენტარის დამატება