სტივ ჯერარდი (“ლივერპული”)
მოგეხსენებათ, ბრიტანელმა ფეხბურთელმა “ლივერპულში” 17-წლიანი კარიერა დაასრულა, თუმცა, წლების განმავლობაში ის მერსესაიდული გუნდის კაპიტანი და ლიდერი იყო. ჯერარდმა “ლივერპულთან” ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის იყო ყველა გუნდისთვის სასურველი ნახევარმცველი, მაგრამ, მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, ჯერარდმა “ლივერპული” არ დატოვა.
ხავი (“ბარსელონა”)
ხავის 17-წლიანი კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” დასრულდა. მან გუნდი დატოვა და ყატარში წავიდა სათამაშოდ. ხავიმ “ბარსელონასთან” ერთად ყველა ის ტურნირი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ნახევარმცველი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.
კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”)
უკვე 6 წელია, რაც პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ მადრიდის “რეალში” თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მან გუნდისთვის იმდენი რამ გააკეთა, რასაც ფეხბურთელთა უმრავლესობა მთელი კარიერის განმავლობაში ვერ აკეთებს. რონალდუმ სამეფო კლუბში უამრავი რეკორდი დაამყარა, მოიგო ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგა. მომდევნო სეზონში კი ის რაულსაც გაასწრებს და “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
ლეო მესი (“ბარსელონა”)
თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთში ყოველ წელს დიდ კვალს ტოვებს. “ბარსელონასთან” ერთად მან ყველა ტურნირი მოიგო და ზედიზედ ოთხჯერ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. წელს კი მესიმ ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო. მას შანსი აქვს, კვლავ დაეუფლოს ჩემპიონთა ლიგის თასს და გახდეს ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
გერმანელმა მეკარემ ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადა და, დღესდღეობით, ის საუკეთესო კიპერად მიიჩნევა მსოფლიოში. ნოიერმა “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გასულ წელს მას შანსი ჰქონდა, მოეგო წლის საუკეთესო ფებურთელის ტიტული, თუმცა, გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა. ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზეც საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე.